დეკემბერში თბილისი ლატვია-საქართველოს ეკონომიკურ კომისიას უმასპინძლებს

2015 წლის 7-8 დეკემბერს თბილისში, ლატვია, საქართველოს - ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა  მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ედგარს რინკევიჩუსტან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა ლატვიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მზარდ პერსპექტივას,  განსაკუთრებით კი ამ ახალი პროექტების კონტექსტში, რაც საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის გაძლიერებას გულისხმობს.

„თბილისში გაიმართება საქართველო-ლატვიის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, სადაც განიხილება ეკონომიკური თანამშრომლობის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხები.  არსებობს მყარი საფუძველი იმისა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა გაიზარდოს,  განსაკუთრებით ბოლო პერიოდის  მნიშვნელოვანი პროექტების კუთხით, იქნება ეს  „აბრეშუმის გზის“ განვითარების ინიციატივა და ასევე  სხვადასხვა სატრანზიტო პროექტები, რომელსაც ვახორციელებთ ლატვიასთან ერთად  რათა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი გავაუმჯობესოთ“-განაცხადა კვირიკაშვილმა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის  სავაჭრო ურთიერთობების არსებობას და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით.  „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ უკვე გამოიღო პოზიტიური შედეგები. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, რომ სამომავლოდ მოახდინოს  ამ ხელშეკრულების ძალიან მნიშნველოვანი დაბულებების იმპლემენტაცია.“ განაცხადა ედგარს რინკევიჩუსმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.