დიპლომატიური ტურის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს სტუმრობენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2016 წლის 28-29 მაისს დიპლომატიური ტური იმართება. ტურის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონს ესტუმრნენ.

დიპლომატებმა მოინახულეს საოკუპაციო ხაზის გასვწრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ცალკეული პროექტები, რუხის სავაჭრო ცენტრი და მშენებარე მულტიპროფილური საავადმყოფო. ტურში მონაწილე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგებლები ასევე ეწვივნენ ენგურის ხიდს.

დიპლომატებისათვის მომზადდა პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც მათ ადგილზე მიეწოდათ ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

"დღევანდელი ვიზიტი სამეგრელოს რეგიონში ძალიან მნიშვენლოვანია, პირველ რიგში, რომ ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გავაცნოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც რეგიონშია, ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება. ასევე ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ საკუთარი თვალით ეხილათ 21-ე საუკუნეში ოკუპაციის შედეგი და თუ რას ნიშნავს ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რამდენად მძიმეა იმ ხალხისთვის, რომელიც ოკუპაციის ხაზს მიღმა ცხოვრობს და ასევე ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ. ასევე გვსურდა  ადგილზე გვეჩვენებინა დიპლომატებისთვის იმ სამშვიდობო პოლიტიკის განსახორციელებლად გამიზნული პროექტები, რომელიც აქ ხორციელდება" - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპისის წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს სოფელი რუხის მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი, რომელიც 2016 წლის გაზაფხულიდან ფუნქციონირებს და მნიშვნელოვან ინვესტიციას წარმოადგენს რეგიონში. სავაჭრო ცენტრის დირექტორმა, დავით მაჭავარიანმა ელჩებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ცენტრის მნიშვენლობასა და ფუნქციონირებაზე.

"მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს უწყობს პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზს იქეთ და მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ წვდომა პროდუქტებთან და ა.შ. და ეს იძლევა მათთვის ძალიან დიდ შეღავათს. ეს აჩენს ახალ შესაძლებლობებს კომუნიკაციის და ხალხთაშორის ურთიერთობების თვალსაზრისით და შესაბამისად ატარებს ძალიან დიდ მნიშვნელობას, როგორც ეკონომიკური კუთხით ასევე ურთიერთობების განვითრების კუთხით" - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სავაჭრო ცენტრის დათვალიერებისას.

ტურის ფარგლებში ელჩებმა აგრეთვე მოინახულეს რუხის მშენებარე მულტიპროფილური საავადმყოფო, რომლის შესახებ დიპლომატებს პრეზენტაცია ჩაუტარა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ. მრავალ პროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობის დასრულება 2017 წელს იგეგმება. საავადმყოფო მაღალი ხარისხის და მაღალ ტექნოლოგიურ მომსახურებას გაუწევს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. აღსანიშნავია, რომ ეს ერთერთი მაღალ ტექნოლოგიური მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება იქნება რეგიონში.

"რუხის მრავალპროფილიანი სავაჭრო ცენტრი უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. ეს არის 220 საწოლზე გათვლილი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი, საავადმყოფო, რომელიც ასევე გულისხმობს შესაბამისი კვლევითი ცენტრის განვითარებას და ასევე საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსის განვითარებას. ეს მისცემს შესაძლებლობას არამარტო ამ რეგიონის მაცხოვრებლებს არამედ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს, რომ მიიღონ ის სამედიცინო დახმარება, რომელსაც უფასოდ სთავაზობს საქართველოს მთავრობა, არა თბილისში და სხვა ქალაქებში არამედ აქვე ახლოს" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დიპლომატიური ტურის მიზანია უცხოელმა ელჩებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია სამეგრელოს  რეგიონის მახასიათებლების, ტურისტული, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პოტენციალის, ასევე განხორციელებული პროექტების შესახებ.

"ეს ყველა ის პროექტია, რომელიც ხელს უწყობს ნდობის აღდგენას, დაახლოებას და ძალიან მნიშვნელოვანია კონფლიქტის მოგვარების პროცესში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაცია, რომელიც გრძელდება დაგმობილი იყოს საერთაშორისო მხარდაჭერით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და დიპლომატების მხრიდან. თავისი თვალით ამ პრიცესის ხილვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი მხარს უჭერენ რა თქმა უნდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და იცავენ ამას როგორც ორმხრივ ფორმატებში, ასევე  რეგიონალურ და საერთაშორისო ფორმატებში"- აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.