დუბლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად „ქართულმა ხმებმა“ იმღერეს

2016 წლის 30 მაისს, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ირლანდიის ეროვნულ საკონცერტო დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი და საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა, რის შემდეგაც შესრულდა საქართველოსა და ირლანდიის სახელმწიფო ჰიმნები.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს ანსამბლმა „ქართული ხმები“, რომელიც ირლანდიას საგანგებოდ აღნიშნული ღონისძიებისათვის ეწვია და დუბლინში მოქმედმა ბავშვთა ქართული სიმღერის ანსამბლმა „Mixed Melodies”, ხოლო ირლანდიის სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა ცნობილი ირლანდიელი მომღერლის, ჯეკ ლუკმანის მიერ.

კონცერტზე „ქართულმა ხმებმა“ შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები, ასევე ჯეკ ლუკმანმა წარმოადგინა საკუთარი კომპოზიციები.

ღონისძიების ფარგლებში გამოფენილი იყო საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების, უნიკალური კულტურის, არქიტექტურის, სხვადასხვა ქალაქებისა და ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტო სურათები.

კონცერტის დასრულების შემდეგ გაიმართა ოფიციალური მიღება, სადაც სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო და კერძები.

კონცერტსა და სადღესასწაულო მიღებას 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ირლანდიის მთავრობისა და პარლამენტის, ბიზნესის, კულტურის, პრესის და სამეცნიერო წრეების, ასევე ირლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.