ეგვიპტეში "სუხისვილების" კონცერტს კულტურის სამინისტროში ბრიფინგი მიეძღვნა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 2015 წლის 5 ივნიის კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საგარეო სამქეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე და ნაციონალური ანსამბლის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი საგანგებო პრესკონფერენციით გამოეხმაურნენ ანსამბლის მიერ ეგვიპტეში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართულ კონცერტს. 
 
ბრიფინგზე ხაზი გაესვა 26 მაისს გიზეს პირამიდების წინ ჩატარებული კონცეტრის მნიშვნელობას, აღინიშნა, რომ ეს გახლდათ ისტორიული ღონისძიება ქართული კულტურისა და ხელოვნების მსოფლიო მასშტაბით წარმოჩინების კუთხით. პრესკონფერენციის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს და ეგვიპტის ოფიციალურ სტრუქტურებს კონცერტის მხარდაჭერისა ორგანიზებისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ბრძანებით ეგვიპტეში საქართველოს ელჩს, არჩილ ძულიაშვილს მადლობა გამოეცხადა.
 
ეგვიპტეში ქართული ნაციონალური ბალეტის კონცერტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს,  ეგვიპტის ტურიზმის სამინისტროსა და ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს უშუალო მხარდაჭერითა და ინიციატივით, ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ჩატარდა.  სუხიშვილების კონცერტს 300-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყო ეგვიპტის სიძველეთა მინისტრი მამდუჰ ალ–დამატი, ეგვიპტის კულტურის მინისტრი აბდ ელ–ვაჰიდ ალ–ნაბავი, კაიროს მერი გალალ მუსტაფა, ეგვიპტის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმღვანელი სამი მაჰმუდი და ეგვიპტის თავდაცვის მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი და ეგვიპტის ხელისუფლების სხვა მოქმედი და ყოფილი წევრები, ასევე კაიროში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ეგვიპტის საზოგადოების ცნობილი სახეები და მედიის წარმომადგენლები.