ევროკავშირის წარმომადგენლის შეფასებით საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში რეგიონში სამაგალითოა

31.01.2017 თბილისი - „მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოში. საქართველო გამორჩეულად დინამიური პარტნიორია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში. სამაგალითო და შთამბეჭდავია საქართველოს მისწრაფება დაუახლოვდეს ევროპის შიდა ბაზარს“- განაცხადა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველმა დირექტორმა თომას მაირ-ჰარტინგმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები. მაირ-ჰარტინგის თანახმად, ევროკავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას დასაქმების, კერძო სექტორის ხელშეწყობის და განათლების სფეროებს ანიჭებს, რადგან ეს მიმართულებები ევროკავშირთან თანამშრომლობის დადებით შედეგებს ქართული მოსახლეობისათვის თვალსაჩინოს გახდის. საქართველოს წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის მხრიდან ამ საკითხებზე ფოკუსირებას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ეკონომიკური მოდერნიზაციისა და განვითარების ხელშეწყობა, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა და პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებია.

ევროკავშირის წარმომადგენლის თანახმად ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა 2017 წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტის ფარგლებში, სადაც ის დარწმუნებულია, რომ „საქართველო კვლავ წამყვანი როლის შესრულებას შეძლებს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორის ქრისტიან დანიელსონის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორის თომას მაირ-ჰარტინგის საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.