ევროკომისიის წარმომადგენელი ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის ზრდას ელოდება

31.01.2017, თბილისი  - „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) შედეგები უკვე თვალსაჩინოა. მე ვნახე ეკონომიკური მონაცემები - საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 2015 წელს 16 პროცენტით გაიზარდა და ჩვენ ველით, რომ ასე გაგრძელდება. ეს მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა სამეზობლო პოლიტიკასა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ქრისტიან დანიელსონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ.
 
მთავრობის დანიშვნისა და 2016 წლის დეკემბერში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-3 სხდომის შემდეგ პირველი მაღალი დონის ვიზიტის დროს გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ასოცირების შეთანხმების შემდგომი ნაბიჯები და მისი იმპლემენტაციის კიდევ უფრო ეფექტური გზები, მათ შორის ეკონომიკური კუთხით და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს. 
 
“განვიხილავთ მობილურობას, მათ შორის ვიზალიბერალიზაციას. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მომავალ თვეებში ამ პროცესის პოზიტიურ დასასრულს ვნახავთ”, - აღნიშნა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა.
 
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე მართლმსაჯულების კუთხით, ასევე საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირებაზე, რაც მიმართულია საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის პერსპექტივის შექმნისაკენ.

ევროკომისიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ იმ ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი დერეფნის განვითარებას. კერძოდ საუბარი შეეხო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტს და ამ კუთხით ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას.  აღინიშნა რომ ეს პროექტი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან  მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორის  ქრისტიან დანიელსონის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორის თომას მაირ-ჰარტინგის  საქართველოში  ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.