საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი საქართველოში და საქართველო-დიდი ბრიტანეთის „უორდროპის დიალოგის“ მესამე რაუნდი

თბილისი, 24 ნოემბერი 2016 წელი

ერთობლივი კომუნიკე

2016 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დუნკანი. ვიზიტი გაიმართა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი მაღალი დონის „უორდროპის დიალოგის“  მესამე რაუნდის პარალელურად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალან დუნკანის ხელმძღვანელობით. აღნიშნული დიალოგი ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც იყო ქართული ენისა და კულტურის ექსპერტი და გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში 1919–1921 წლებში.

რეზიუმე: უორდროპის დიალოგის ფარგლებში, განხილული იქნა საქართველო-გაერთიანებული სამეფოს მიმდინარე და მომავალი ურთიერთობები პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში; საქართველოს ინტეგრაცია ნატო-სა და ევროკავშირში; განხორციელებული რეფორმები, მათ შორის, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და სასამართლო რეფორმა; რეგიონში არსებული პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები. მხარეებმა შეაფასეს „უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში განხორციელებული სამუშაო საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებში. მიმდინარე წელს „უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში ახალი სფეროს - „ხალხთაშორისი ურთიერთობები“ - დამატებამ, დიალოგს შესძინა ახალი განზომილება განათლების, კულტურისა და ქალაქების დაძმობილების მიმართულებით თანამშრომლობის კუთხით.

მინისტერიალის პლენარულ სხდომაზე მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა 2015 წელს  გამართული შეხვედრიდან დღემდე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე და ახლადარჩეული მთავრობის დღის წესრიგზე. ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალან დუნკანმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო კვლავ მოელის დიალოგის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელებას და ყურადღება გაამახვილა ბოლო დიალოგიდან დღემდე ბრიტანეთში განვითარებულ მოვლენებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ გაერთიანებული სამეფო შეინარჩუნებს წამყვან როლს გლობალური საკითხების  დარეგულირების კუთხით გაეროს უშიშროების საბჭოს, ნატო-ს, დიდი შვიდიანისა და დიდი ოცეულის ფარგლებში და დაამატა, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება, გავიდეს ევროკავშირიდან არ ნიშნავს ბრიტანეთის ინტერესისა და ვალდებულებების შემცირებას საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებაში. მინისტრმა დუნკანმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო თვალს ადევნებს კონფლიქტს საქართველოში და დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. „ხელშეკრულების“ რატიფიკაცია აფხაზეთის რეგიონში ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით. ყოველწლიური დიალოგის მნიშვნელობისა და მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გათვალისწინებით, მინისტრები ჯანელიძე და დუნკანი შეთანხმდნენ, რომ  „უორდროპის დიალოგი“ თვისობრივად ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეს და მას „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი’’ ეწოდოს.

ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს პოლიტიკური, უსაფრთოხებისა და თავდაცვის საკითხები;  ეკონომიკური და ბიზნეს თანამშრომლობა; ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების საკითხი, საგანმანათლებლო და კულტურული კავშირები. პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე საუბრისას,  მინისტრმა დუნკანმა აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა  გამჭვირვალედ და ორგანიზებულად ჩაიარა, ასევე დაამატა, რომ გაერთიანებული სამეფო კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

გაერთიანებულმა სამეფომ კიდევ ერთხელ დადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა  საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით  შექმნილი  მძიმე მდგომარეობის გამო. გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებას ფუნდამენტური ნორმებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ასევე, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გათვალისწინებით.

მხარეები მიესალმენ ორი ქვეყნის მთავრობებს შორის უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში მჭიდრო ურთიერთობებს, ხაზი გაუსვეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მასშტაბს და აღნიშნეს კიბერ უსაფრთხოებისა და ანტი-ტერორიზმის სფეროებში გამოცდილების გაზიარების გაგრძელების მნიშვნელობა. ბრიტანულმა მხარემ გამოთქვა მადლიერება ავღანეთში ნატო-ს  ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდამჭერის“ მისიაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით. მხარეები მიესალმენ აშშ-საქართველოს სამხედრო სწავლებაში „Noble Partner 2016“ 160 ბრიტანელი სამხედროს მონაწილეობას.

მხარეებმა განიხილეს ბიზნეს და სავაჭრო კავშირების შემდგომი გაღრმავების პოტენციალი. აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი არის მეორე ყველაზე დიდი ინვესტორი საქართველოში და ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში შეინიშნება მზარდი ტენდენცია. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიური მილსადენის პოტენციალის როლს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.

ბოლოს, ორივე მხარე მიესალმა ხალხთაშორის მჭიდრო კავშირების არსებობას; განხილულ იქნა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაღრმავების გზები, მათ შორის, ის საქმიანობა, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საბჭო ახორციელებს, ინგლისური ენის სასწავლო პროგრამების, საქართველოსთვის „ჩივნინგის“ სტიპენდიების რაოდენობის ზრდის კუთხით. მხოლოდ მიმდინარე წელს 17-მა ქართველმა მიიღო ეს სტიპენდია. ასევე აღინიშნა დაძმობილებულ ქალაქებს შორის -  ნიუპორტი-ქუთაისი, თბილისი-ბრისტოლი, ნიუკასლი-ახალციხე - მჭიდრო თანამშრომლობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყველა შესაძლო ძალისხმევა უნდა იქნას განხორციელებული ამ კავშირების მხარდასაჭერად და გასავითარებლად.

საქართველოში ვიზიტისას

  • შედგა ალან დუნკანის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს საგარეო მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან და ასევე სამუშაო ლანჩი თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ლელა ჩიქოვანთან.
  • მან დაათვალიერა საქართველოს ეროვნული სიტუაციური ოთახი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით დაფუძნდა.
  • დუნკანი გაემგზავრა სოფელ ხურვალეთში, გორის რაიონში, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვის შედეგების გაცნობის მიზნით.
  • დაადასტურა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს კარგი მმართველობის ფონდის ფარგლებში საქართველოს დახმარებას. მომავალ წელს ფონდი საქართველოსთვის 4.5 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფას გეგმავს.
  • ჩაატარა ლექცია სტუდენტებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
  • განაცხადა, რომ მომავალი წლიდან განახლდება ჯონ სმიტის სტიპენდია ქართველი ახალგაზრდებისთვის.
  • შეხვდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ბრიტანეთის საელჩოში.
  • ბიზნეს-მიღებაზე მიმართა ბიზნესის წარმომადგენლებს მიხეილ ჯანელიძესთან ერთად.
  • მოინახულა BP-ის სამხრეთ კავკასიური მილსადენი.  ამ პროექტის მეშვეობით BP და მისი პარტნიორები საქართველოში განახორციელებენ 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას, რომელიც უზრუნველყოფს 3000 სამუშაო ადგილს.