ევროპის საბჭოს დელეგაცია საქართველოს ვიზიტით ეწვია

13.09.2016, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდნენ ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედანიილ ხოშაბოს, ამავე დეპარტამენტის მრჩეველს მარსელ კაპს და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს ანა ზეცს.
 
ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-14 კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებულ მოვლენებზე, ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელებაზე. აქცენტი გაკეთდა თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვასა და უკანონო დაკავებების გახშირებაზე, ასევე ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის შემდეგ აფხაზეთის რეგიონში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას, მკვლელობის ფაქტს. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა საოკუპაციოს ძალების მხრიდან მკვლელობაში ბრალდებული პირის უპირო დაკავების აუცილებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო პროვოკაციები.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის მექანიზმების მნიშვნელობაზე  და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში განხილულ საკითხებზე.