ევროპის საბჭოს მე-15 და მე-16 ოქმების სარატიფიკაციო სიგელები გადეცა

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კონსტანტინე კორკელიამ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს გაბრიელა ბატაინი-დრაგონს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-15 და მე-16 ოქმების სარატიფიკაციო სიგელები გადასცა.

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“  მე-15 ოქმში გაწერილი ცვლილებების მიხედვით, ეროვნული სასამართლოების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა 6-დან 4 თვემდე შემცირდება. რაც კომუნიკაციის სისწრაფის ზრდამ და კონვენციის სხვა წევრ სახელმწიფოებში არსებულმა ანალოგიურმა ვადამ განაპირობა.

მეთხუთმეტე ოქმის მიხედვით კონვენციის 21-ე მუხლს ემატება ახალი პუნქტი, რომლის თანახმადაც მოსამართლეთა არჩევისათვის წევრი სახელმწიფოს მიერ წარდგენილი კანდიდატის ასაკი უნდა იყოს 65 წელზე ნაკლები. აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, გაუქმდა კონვენციის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც მოსამართლედ მუშაობის ზედა ასაკობრივ ზღვრად 70 წელს ადგენდა.

საქართველომ მე-15 ოქმს ხელი 2014 წლის 19 ივნისს მოაწერა. ოქმი ძალაში მას შემდეგ შევა, როცა მის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას კონვენციის ყველა წევრი სახელმწიფო გამოხატავს.

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-16 ოქმის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარება კი ხელს შეუწყობს იმ მაღალი სტანდარტების გამოყენებასა და დამკვიდრებას, რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხელმძღვანელობს და უკვე დამკვიდრებულია პრეცედენტულ სამართალში. ოქმის მე-10 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, საქართველოს მხრიდან, საკონსულტაციო დასკვნისთვის  მოთხოვნის წარმდგენ სასამართლოებად განისაზღვრა საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლო.