ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1239-ე სხდომაზე გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-12 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს

2015 წლის 4 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1239-ე სხდომაზე განხილულ იქნა გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-12 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2015 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით.
 
მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭო განაგრძობს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ ვალდებულებების მონიტორინგს, რომლებიც უკავშირდება 2008 წლის ომის შედეგებს და ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე. ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად, გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით თავიანთ გამოსვლებში შეშფოთება გამოთქვეს როგორც საქართველოს დელეგაციამ, ისე ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციებმა.
 
აღნიშნულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, რომელმაც თავის განცხადებაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, ამ ტერიტორიებზე ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მექანიზმების, კერძოდ, ადამიანის უფლებათა კომისრის შესვლის აუცილებლობაზე. ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსი სამხედროების უკანონო ქმედებებისა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის შედეგად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე, როგორც ეს არის განსაზღვრული ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით.
 
მე-12 კონსოლიდირებული ანგარიშის ირგვლივ გამართულ დებატებზე ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული დოკუმენტი და მხარი დაუჭირეს კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალშიც გაგრძელებას. გამომსვლელთაგან მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ დააყენა ეჭვქვეშ გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების ეფექტიანობა.
 
სხდომაზე ევროკავშირის სახელით გაკეთდა განცხადება, რომელშიც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება, ასევე უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და აიღოს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება. ევროკავშირმა დაგმო რუსეთის ფედერაციასა  და საქართველოს რეგიონებს შორის ე.წ. ხელშეკრულებების ხელმოწერა, ასევე შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციის" პროცესთან დაკავშირებით. განცხადებაში ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას. აღნიშნულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მოლდოვას რესპუბლიკა, მონაკო, მონტენეგრო, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, სან მარინო, თურქეთი და უკრაინა.
 
სხდომაზე ასევე გაკეთდა განცხადება სუამ-ის წევრი ქვეყნების სახელით. საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროპის საბჭოში გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის, ნორვეგიის, ესტონეთის, დანიის, პოლონეთის, პორტუგალიის, ირლანდიის, ლიტვის, რუმინეთის, შვედეთის, მოლდოვის, ავსტრიის, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის, ლატვიის, ესპანეთის და სლოვაკეთის დელეგაციებმა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-12 კონსოლიდირებულ ანგარიშს, ასევე ევროკავშირის, სუამ-ისა და სხვა პარტნიორების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს. სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ საკითხი „კონფლიქტი საქართველოში“ მომავალშიც შენარჩუნდება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.