ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადება მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. „ხელშეკრულების“ დაგეგმილ ხელმოწერასთან დაკავშირებით

2015 წლის 18 მარტს გაიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1223-ე სხდომა. დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კონსტანტინე კორკელიამ გააკეთა განცხადება მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. „ხელშეკრულების“ დაგეგმილ ხელმოწერასთან დაკავშირებით.
 
თავის გამოსვლაში, კონსტანტინე კორკელიამ აღნიშნული ფაქტი შეაფასა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული მორიგი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის მხრიდან და აღნიშნა, რომ მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდებისა, რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მოუწოდა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს მისცენ შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება აღნიშნულ ფაქტს და გადადგან ნაბიჯები რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიის ფაქტის საპასუხოდ.
 
აღნიშნულ საკითთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოში ევროკავშირის წარმომადგენელი და  განცხადება გააკეთა ე.წ. „ხელშეკრულებასთან“ დაკავშირებით.  ევროკავშირის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ხელშეკრულების ხელმოწერა არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას რეგიონში. შესაბამისად, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
 
ევროკავშირის განცხადებას ე.წ. „ხელშეკრულებასთან“ დაკავშირებით მიუერთდა ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, მოლდოვა, ნორვეგია, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, თურქეთი, უკრაინა, ისლანდია, სან მარინო და ლიხტენშტეინი.