ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის შესახებ კომუნიკე

2015 წლის 18 ნოემბერს გამოქვეყნდა ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი კომუნიკაცია ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ეკონომიკური და სოციალური კომიტეტისა და რეგიონების კომიტეტის მიმართ, რომელიც ეხება ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) გადახედვის საკითხს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის შემუშავებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი საჯარო კონსულტაციები, რის შედეგადაც ევროკავშირმა მიიღო 250 გამოხმაურება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მთავრობებისგან, ევროკავშირის ინსტიტუტებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სოციალური პარტნიორებისგან, სამოქალაქო საზოგადოებისგან, ბიზნეს და აკადემიური წრეებიდან, ანალიტიკური ორგანიზაციებიდან და ა.შ.

მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს ევროკავშირის ახალ ხედვას ENP-ის ფარგლებში თანამშრომლობის ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით არსებული რეალობებიდან გამომდინარე. ამ კონტექსტში, კომუნიკაციაში ხაზგასმულია ის მთავარი პრინციპები და მიზნები, რაც განაპირობებს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას მომავალში.

დოკუმენტის თანახმად, ახალი ENP-ი ძირითადი პოლიტიკური ორიენტირი სტაბილიზაციის ხელშეწყობაა მთლიანად სამეზობლოში, რაც გულისხმობს არასტაბილურობის გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრას ყველა დარგში. ამ მიზნით ENP-ის ფარგლებში ძალისხმევა მიმართული იქნება ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისა და ადგილობრივი მოსახლეობის მომავალი პერსპექტივების გაუმჯობესება. 
ახალი ENP-ის განხორციელების ძირითადი პრინციპები იქნება დიფერენციაცია და ერთობლივი მფლობელობა, რაც ითვალისწინებს თითოეული ქვეყნის არჩევანს ევროკავშირთან თანამშრომლობის ხასიათსა და მიზანთან დაკავშირებით.
შესაბამისად, პოლიტიკა ითვალისწინებს გაძლიერებულ თანამშრომლობას მთელი რიგი პრიორიტეტული მიმართულებებით:

  • დემოკრატია, კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობის, საჯარო ადმინისტრირების, კორუფციის წინააღდეგ ბრძოლის ხელშეწყობა;
  • ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკის მოდერნიზაციის, ინოვაციების წახალისების, სამუშაო ადგილების შექმნის, საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების და ეკონომიკური, სოციალური და ტერიტორიული თანასწორობის უზრუნველყოფის გზით;
  • ევროკავშირის საერთო ბაზარში ინტეგრაცია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნით. ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით, დოკუმენტი, ასევე, ითვალისწინებს ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებული, ალტერნატიული რეალისტური მექანიზმების შემუშავებას იმ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომელთაც არ სურთ ეკონომიური ინტეგრაციის აღნიშნული ფართო შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან;
  • ეკონომიკური მოდერნიზაცია და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კვლევების, სამეცნიერო და ინოვაციური საქმიანობების წახალისებას;
  • დასაქმების ხელშეწყობა შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და პროფესიული ცოდნის ამაღლების გზით. ამ კონტექსტში ახალი ENP-ი განსაკურებულ ყურაღებას აქცევს ახალგაზრდების დასაქმების წახალისებას;
  • ტრანსპორტი და კავშირურთიერთობების განვითარება ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების აღმოსავლეთ პარტნიორებზე გავრცობის გზით;
  • ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კლიმატის საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერება;
  • უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, რაც გულისხმობს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობას პარტნიორ ქვეყნებში, ტერორიზმის, ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას;
  • მიგრაცია და მობილურობა, რაც გულისხმობს პარტნიორ ქვეყნებთან გაძლიერებულ თანამშრომლობას როგორც არალეგალური და იძულებითი მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე ლეგალური გადაადგილების ხელშეწყობის მიმართულებით. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მზად არის წაახალისოს შრომითი მიგრაციის ახალი სქემის შემუშავება წევრ ქვეყნებთან კოორდინაციით. 
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული მიზნების მისაღწევად ევროკავშირი გააძლიერებს თანამშრომლობას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებთან, ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის ფარგლებში განსაზღვრული ფინანსური სახსრების გარდა, დამატებითი რესურსების მოძიების მიზნით.
 
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ევროკავშირის პოლიტიკის ხილვადობის გაზრდის მიზნით ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობა.