ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა

02.02.2017 - ​საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა (რეზიდენციით ეთიოპია) რწმუნებათა სიგელი გადასცა კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, უჰურუ კენიატას.

ელჩმა პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროატლანტიკური კურსის, რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. ვახტანგ ჯაოშვილმა აღნიშნა საქართველოს მონაწილეობა მსოფლიოში, მათ შორის აფრიკის კონტინენტზე, მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში, რითაც საკუთარი წვლილი შეაქვს მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის სურვილს, გააღრმაოს ურთიერთობები აფრიკის ქვეყნებთან. ვახტანგ ჯაოშვილმა პრეზიდენტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს გატარებული რეფორმების შესახებ და გამოხატა მზაობა გამოცდილების გაზიარების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობაზე.

ელჩმა მადლობა გადაუხადა კენიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერისთვის და გამოხატა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში კვლავაც გაგრძელდება.

პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ კენიის ხელისუფლება ყოველმხრივ შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. პრეზიდენტმა ასევე ინტერესი გამოხატა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ და ელჩს წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში.