ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 22-ე შეხვედრის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილმა ეუთო-ს წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

2015 წლის 4 დეკემბერს ქ. ბელგრადში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 22-ე შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გამართა ორმხრივი შეხვედრები ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ზანიერთან; ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორთან, მაიკლ გეორგ ლინკთან; ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, ასტრიდ თორსთან; ეუთო-ს წარმომადგენელთან მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩთან.

ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებში ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას, როგორც საქართველოსთვის ისე მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის. განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.

ლინკთან შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საქმიანობას და ხაზი გაუსვა მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში მათი აქტიურობის და დროული მონიტორინგის განხორციელების მნიშვნელობას. მაიკლ გეორგ ლინკმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა შესანიშნავი თანამშრომლობისთვის.

მიატოვიჩთან შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მედიის თავისუფლებასთან და პლურალიზმთან დაკავშირებული საკითხები. ასტრიდ თორსთან შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლებასა და უმაღლეს კომისარს შორის არსებული თანამშრომლობა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლესი კომისარის რეკომენდაციების მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილმა აგრეთვე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და ამ თვალსაზრისით იქ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.