ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოში კონფლიქტის საკითხზე რეზოლუცია იქნა მიღებული

2016 წლის 1-5 ივლისს, თბილისმა უმასპინძლა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას.

5 ივლისს, ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, 122 ხმით 6-ის წინააღმდეგ, მიღებულ იქნა თბილისის დეკლარაცია, რომლის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს რეზოლუცია - „კონფლიქტი საქართველოში“.

რეზოლუციაში საუბარია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობაზე და დაფიქსირებულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა. რეზოლუციაში აღნიშნულია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება.

აღნიშნული დოკუმენტით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა  მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, გააუქმოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და უზრუნველყოს იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ საცხოვრებელ სახლებში მშვიდობიანი და ღირსეული დაბრუნება.  აგრეთვე, აიღოს ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულება, საქართველოს მიერ უკვე ნაკისრი ვალდებულების საპასუხოდ და დაუშვას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები ოკუპირებულ რეგიონებში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია - „კონფლიქტი საქართველოში“