ეუთო-ს 22-ე მინისტერიალი ბელგრადში

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2015 წლის 3-4 დეკემბერს ბელგრადში, ეუთო-ს 22-ე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. 

გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა მინისტრთა საბჭოს პლენარულ სესიაზე. საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ეუთო-ს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. ხაზი გაუსვა იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის არსებობა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას კვლავ გაამახვილა ყურადღება რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულველყოფაზე, რაც გამოიხატება საქართვლოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფით. მინისტრის განცხადებით ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებები, " ამით რუსეთის ფედერაცია ცდილობს ოკუპირებული რეგიონების საკუთარ სამხედრო, სოციალურ და საფინანსო სისტემებში სრულ ინტეგრაციას”-განაცხადა კვირიკაშვილმა. მისი განცხადებით საქართველო მომხრეა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით და განაგრძობს დიალოგს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში.

"კონფლიქტის ზონებში მცხოვრებ მოსახლეობას არ აქვს საშუალება განახორციელოს საკუთარი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური უფლებები. ისინი მოკლებული არიან თავისუფლად გადაადგილების, კერძო საკუთრებისა და რაც მთავარია მშობლიურ ენაზე სწავლის უფლებას. გალის რაიონის 11 დაწყებით სკოლაში ქართულ ენაზე სწავლება აკრძალულია და ჩანაცვლებულია რუსული ენით. შეფასებები განსაკუთრებით საგანგაშოა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობით. ეს გვაიძულებს სასწრაფოდ ვეძიოთ გზები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისარის „საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანთა უფლებების შესახებ“ ანგარიშის შესასრულებლად"-განაცხადა მინისტრმა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია სტრატეგია, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს შორის, ასევე აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება.

ეუთოს-ს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა საქართველოში ბოლო პერიოდში გატარებულ პოლიტიკურ და დემოკრატიულ რეფორმებზე, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს, როგორც ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. მან ყურადღება გაამახვილა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნა ხელისუფლების მზაობა შექმნას ყველა პირობა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევენბის უზრუნველსაყოფად. გიორგი კვირიკაშვილმა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა როგორც ეუთო-ს შესაბამის ორგანიზაციებს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას.

"საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზა ურყევია. ჩვენ ერთგული ვრჩებით ქვეყნის ვეროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის, რაც ქართველის ხალხის არჩევანია. საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის იმპლემენტაცია, როგორც სასამართლო, ასევე იუსტიციის და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, ეუთო-ს შესაბამისი სტრუქტურებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, რაც მიზნად ისახავა საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და სტანდარტების გაზიარებას"-განაცხადა მინისტრმა.

ეუთოს 22-ე მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს მართავს ეუთო-ს ხელმძღვანელ პირებთან და ასევე კოლეგა მინისტრებთან. სერბეთი მინისტერიალს 3-4 დეკემბერს მასპინძლობს.