ვახტანგ მახარობლიშვილმა ლიტვის ელჩთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა


22.12.2016 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის ელჩთან   გიედრიუს პუოჯუნასთან.  

შეხვედრაზე  მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს.  მათ შორის აღინიშნა, „განვითარების სფეროში თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში ლიტვის  მიერ გაწეული დახმარება და  ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიესალმა ლიტვის რესპუბლიკასთან „ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის შესახებ ქარტიის“ ფარგლებში რეგულარული  კონსულტაციების პრაქტიკის არსებობას. ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა ლიტვასა და საქართველოს შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კომისიის მომდევნო სხდომას 2017 წელს  თბილისში უმასპინძლოს.

საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობას. ვახტანგ მახარობლიშვილი მიესალმა  ლიტვის სეიმას ახლადარჩეული სპიკერის ვიქტორას პრანცკიეტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს,  რომელიც ნორდიკულ-ბალტიური რვიანის (NB8) ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად თბილისს 2017 წლის მარტში ეწვევა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს  ევროპული და ევროატლანტიკური  ინტეგრაციის დღის წესრიგი და  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებული საკითხები. ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა, რომ ლიტვა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა მიმართულებით.