ვენაში ეუთო-ს მუდმივი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

2015 წლის 18 ივნისს, ვენაში ეუთო-ს მუდმივი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის დასაწყისში, სერბეთის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომლითაც 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად, დაზარალებულების ოჯახებს, საქართველოს მთავრობას და მთელ ქართველ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა. მხარდაჭერისა და სამძიმრის განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის (ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის სახელით),  აზერბაიჯანის, აშშ-ის, თურქეთის, რუსეთის, სომხეთის და უკრაინის დელეგაციებმა. გამომსვლელებმა, სამძიმრის გამოთქმასთან ერთად, გამოხატეს მათი ქვეყნების მზადყოფნა, დახმარება გაუწიონ ქართულ მხარეს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრაში.

დელეგაციების განცხადებების შემდეგ, ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა, მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომელმაც თანადგომა და მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატა, მუდმივ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია სტიქიის შედეგების შესახებ და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდში დგომა მნიშვნელოვანი იქნება სტიქიის მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურის დროულად აღდგენის საქმეში.