ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს ანა ბირჩალს შეხვდა

2015 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ვიცე პრემიერ-მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელთან ანა ბირჩალთან.  ბირჩალი თბილისს ეწვია საერთაშორისო კონფერენციაში „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ მონაწილეობის მიზნით.
 
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა  განიხილეს საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის  მნიშვნელობა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებას, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას.
 
რუმინეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციის მიმართ.