ვიცე-პრემიერი გენდერული თანასწორობის კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა

2015 წლის 9 ნოემბერს გაიმართა გენდერულ თანასწორობაზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის გახსნისადმი მიძღვნილი მიღება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა.

მიღებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრა, გიორგი კვირიკაშვილმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას კონფერენციაში მონაწილეობისთვის. მისი განცხადებით  საქართველოს მთავრობისთვის გენდერულ თანაწორობას და ინსტიტუციურ და საკანონმდებლო ორგანოებში ქალთა როლის გაძლიერებას  უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

„მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ქალის როლი ყოველთვის  უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყნის მშენებლობის პროცესში. მინდა დავადასტურო, რომ საქართველოს მთავრობისთვის მნშვნელოვანია თანასწორობის პრინციპის, როგორც დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპის დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში, მითუმეტეს დღეს, როდესაც საქართველო იმყოფება არსებით მიჯნაზე უმნიშნველოვანესი რეფორმებისა,  რომლებიც ქვეყნის ევროპული ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობს. ჩვენ  ვატარებთ სერიოზულ ინსტიტუციურ და  საკანონმდებლო რეფორმებს, რა კონტექსტშიც გენდერული თანასწორობის პრინციპის დამკვიდრება არსებითია,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“  10 ნოემბერს გაიხსნება. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინი  და გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორის თანაშემწე ჯიჰან სულთანოღლუ გახსნიან. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. კონფერენციაში 250-მდე სტუმარი და 20-მდე მაღალი დონის გამომსვლელი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება იმართება საქართველოს მთავრობის ინიციატივით ევროკავშირსა და გაეროსთან თანამშრომლობით.