ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგში შეხვედრა გამართა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU-CSU) ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს გერდა ჰასელფელდტს შეხვდა.
 
შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების ასპექტები და ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე, რომელიც პოზიტიური დინამიკით აღინიშნება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარეობას და ხაზი გაესვა ამ პროცესში გერმანიის შემდგომი მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამასთან, გერმანელ დეპუტატს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების შესახებ.