ზიკას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს

ზიკას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, ლათინური ამერიკის მიმართულებით მოგზაურობისას, გაითვალისწინონ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები  და მიიღონ სათანადო პრევენციული ზომები ვირუსის თავიდან აცილების მიზნით, ხოლო ორსულმა ქალებმა თავი შეიკავონ ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში მოგზაურობისგან.
 
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნულმა დაავადებამ პრაქტიკულად მთელი ლათინური ამერიკის რეგიონი მოიცვა, ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა კი ბრაზილიაში დაფიქსირდა. ლათინური ამერიკის სახელმწიფოები, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან ერთად, მუშაობენ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად. პროცესი სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. 

იმის გათვალისწინებით რომ 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები რიო დე ჟანეიროში იმართება, გაძლიერებულია ბრაზილიის სანიტარული სამსახურების მუშაობაც. ოლიმპიადის მსვლელობისას ბრაზილიური მხარე უზრუნველყოფს ღონისძიებების გამართვის ადგილებზე პერსონალის განლაგებას და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას, რათა მოხდეს კოღოს გამრავლების კერების კონტროლი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ოლიმპიადის პერიოდში ბრაზილიაში ზამთარია, შესაბამისად ნაკლებია ტროპიკული წვიმებისა და კოღოების გამრავლების შანსი. 
  • ზიკას ვირუსის გავრცელება ხორცილდება კოღოს ნაკბენით, შესაბამისად მისი თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება კოღოების საწინააღმდეგო ზოგად პრევენციულ ზომებს უკავშირდება;
  • ვირუსის სიმპტომები თავს იჩენენ ინფიცირებიდან რამდენიმე დღეში.  ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებად ითვლება ცხელება, გამონაყარი, ტკივილი სახსრებში და კონიუნქტივიტი. აღნიშნული სიმპტომები დაახლოებით 2-7 დღის განმავლობაში გრძელდება და, როგორც წესი, სიმწვავით არ გამოირჩევა;
  • ორსულების მიმართ ვირუსის გავრცელების ქვეყნებში მგზავრობისაგან თავის შეკავების რეკომენდაცია გამოწვეულია ნაყოფის მიკროცეფალიით დაავადების მაღალი რისკით.
დეტალური ინფორმაცია ზიკას ვირუსთან დაკავშირებით, მათ შორის გასატარებელი პრევენციული ზომების შესახებ:

http://www.who.int/mediacentre/factsheets/zika/en/