თამარ ბერუჩაშვილი ბელარუს კოლეგას შეხვდა

2015 წლის 29 ივნისს, ბელარუსის რესპუბლიკაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში გამართული  ვიზიტისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ბელარუს კოლეგას ვლადიმერ მაკეის შეხვდა.
 
შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის  მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით.
 
მინისტრებმა კიდევ ერთხელ შეაჯერეს 2015 წლის აპრილში საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი და მისი შედეგები, ასევე ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებების შესრულების საკითხი.  მინისტრებმა ასევე ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში თანამშრომლობის მიმართულებებზე.
 
„წელს, საქართველომ და ბელარუსმა, ფაქტიურად, ახლიდან გაიცნეს ერთმანეთი.  ჩვენი პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტმა და ამ ვიზიტის დროს მიღწეულმა შეთანხმებებმა ახალი იმპულსი შესძინა ჩვენს ურთიერთობებს თითქმის ყველა სფეროში.
 
ახლახან ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სავაჭრო-ეკონომიური თანამშრომლობის კომისიის ბელორუსის ნაწილი. ვიცი, რომ ქართველი კოლეგები ასევე მუშაობენ ქართული ნაწილის შექმნაზე. ამასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ მზადდება წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობისა და ეკონომიკის დარგში“, განაცხადა ვლადიმერ მაკეიმ.