თამარ ბერუჩაშვილმა ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 2015 წლის 30 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაში სახელწოდებით „ტრანსატლანტიკური სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპისათვის“. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა პანელზე „ერთიანი და თავისუფალი ევროპისკენ“. სადისკუსიო პანელს ასევე უძღვებოდნენ სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და მოწვეული ექსპერტები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სადისკუსიო პანელზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში დღეს არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე სამყარო მოწმეა საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპებისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის დარღვევის.

რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს უსაფრთხოების, მისი დემოკრატიული განვითარების გარანტი გახლავთ ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. „ქართველებისათვის ეს გახლავთ ეროვნული იდეა და ისტორიული არჩევანი, რომელსაც მხარს უჭერს ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და ასევე პოლიტიკური ელიტა, აღნიშნულის გამო საქართველო გამორჩეულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მონაწილე ქვეყნებში“-აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ ბოლო წლების განმალობაში მიღწეულ პროგრესზე.

ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას თამარ ბერუჩაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. აღნიშნა რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკა, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმებთან ე.წ. შეთანხმების გაფორმებით საქართველოს ტერიტორიების ანექსიას ეწევა. „უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, მიუხედავად მისი სიმწვავისა არ შეიძლება განვიხილოთ იზოლირებულად, ეს გახვალთ რუსული სცენარის ნაწილი გააფართოვოს მისი დომინირება რეგიონში და შექმნას ახალი ე.წ. გავლენის სფეროები. ჩვენ ყველანი ვისჯებით ჩვენი არჩევანისთვის, ჩვენი სუვერენული ევროპული და ევრო-ატლანტიკური არჩევანისთვის.“-აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რიგის სამიტზე და ამ მხრივ საქართველოს მიზნებსა და ამოცანებზე. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორი სახელმწიფოების წინაშე არსებული გამოწვევებისა, რიგის სამიტი იქნება კონკრეტული შედეგების მომტანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, რაც საქართველოსთან მიმართებაში, არის სავიზო დიალოგში არსებული პროგრესის ადეკვატური ასახვა და ასევე მკაფიო ევროპული პერსპექტივის დაფიქსირება ევროკავშირის მხრიდან, რაც იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი.

ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გამართული დისკუსია ორგანიზაციისა და ლატვიის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ინიციატივით შედგა. დისკუსიის მთავარი საკითხი ევროპაში განვითარებული პროცესები და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა იყო.

საგარეო საქმეთა სამიისტროს
პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი