თამარ ბერუჩაშვილმა გენდერული თანასწორობის კონკურსში გამარჯვებული დააჯილდოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა 2015 წლის 6 ივლისს მონაწილეობა მიიღო გენდერული თანასწორობის დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ესწრებოდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და კომპანია „ჯითიეს ელექტრონიქს“ ჯილდო გადასცა საუკეთესო ინოვაციური გენდერული პოლიტიკისათვის.

საკუთარ გამოსვლაში თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროს როლზე ქვეყანაში გენდერული პოლიტიკის გატარებასა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით გატარებულ ძალისხმევას და აღნიშნა, რომ 2015 წელი წარმოადგენს სიმბოლურ და უმნიშვნელოვანეს წელს ქალთა საკითხების აქტუალიზაციის კუთხით, 2015 წელი საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა ქალთა წლად, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 2015 წლის 9-10 ნოემბერს, ქ. თბილისში, გაიმართება  მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია: „გენდერული თანასწორობის მიღწევა - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“.  კონფერენციის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება; ქალის ჩართულობა მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ინიციატივებში; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღკვეთა.

გენდერული თანასწორობის დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და UNDP-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი შომბი შარფი. წლის მთავარი გამარჯვებული საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დააჯილდოვა.