თბილისის საერთაშორისო ფორუმი რეგიონული სტაბილურობისათვის: „ბირთვული და რადიოლოგიური გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში: მიზეზები, შედეგები და საპასუხო ზომები“

05.10.2016 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს თანაორგანიზებითა და  შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით იმართება საერთაშორისო ფორუმი რეგიონული სტაბილურობისათვის: „ბირთვული და რადიოლოგიური გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში: მიზეზები, შედეგები და საპასუხო ზომები“.

ფორუმის მიზანია წარმოაჩინოს და განიხილოს რეგიონში ეროვნული სახელმწიფოების კონტროლის მიღმა დარჩენილი ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები და მათი უარყოფითი ზეგავლენა საერთაშორისო ბირთვულ უსაფრთხოებაზე. განსაზღვროს პოტენციური საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ბირთვული და რადიოლოგიური ტერორიზმის საფრთხის შემცირება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ბირთვულ და რადიაციულ სფეროში მომუშავე როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები და ოფიციალური პირები აშშ-დან, ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან. ხსენებული ფორუმში მონაწილეობას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, რომელიც მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს.