თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრა მიმდინარეობს

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მე-6 მინისტერიალის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიხსნა.

მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა მიმართეს. მინისტრმა კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მონაწილეებს თბილისში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო მოხარულია მეორედ უმასპინძლოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს.

შეხვედრისას მხარეები განიხილავენ რიგის სამიტზე განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობას და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის შედეგად თანამშრომლობის გაღრმავებას.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მე-6 მინისტერიალს ასევე ესწრებიან აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდივის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჰელგა შმიდი და უკრაინის დელეგაცია.