თბილისში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

თბილისში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ გაიხსნა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ და გაეროს გენერალური მდივნისა და გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორის თანაშემწემ ევროპისა და დამოუკიდებლ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონული ბიუროს დირექტორმა ჯიჰან სულთანოღლუმ.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა კონფერენციის მიზანზე, რომელსაც ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში არსებული გამოწვევების განსახილველად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა, პარლამენტართა,  სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო სფეროში მოღვაწეთა შეკრება წარმოადგენს. გიორგი კვირიკაშვილი იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული კონფერენცია კარგი პლატფორმა იქნება დიალოგისათვის საერთო მიზნის - გენდერული თანასწორობის - მისაღწევად, საჭირო გზებისა და შესაძლებლობების განსახილველად.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც  დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პოლიტიკაში, ეკონომიკასა თუ სოციალურ განვითარებაში ქალთა სრულყოფილ და თანასწორ ჩართულობაზე. თუმცა, სრული გენდერული თანასწორობისა და მსოფლიოში ქალთა მიერ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების შეუზღუდავი რეალიზებისთვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, რომელთა შორისაა გენდერული თანასწორობის საკითხებზე კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა, პოლიტიკის გაუმჯობესება და ქალთა შრომითი უფლებების გაზრდა.

„გვჯერა, რომ სწორედ ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც გენდერულ იდენტობაზე, ქალთა უფლებებზე და გენდერული თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით საბოლოოდ უნდა დაამარცხოს ქალთა დისკრიმინაცია. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საერთო მიზნის მიღწევას.“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“  თბილისში ა.წ. 10 ნომბერს ტარდება. მასში 250-მდე სტუმარი და 20-მდე მაღალი დონის გამომსვლელი მონაწილეობს. ღონისძიება საქართველოს მთავრობის ინიციატივით ევროკავშირსა და გაეროსთან თანამშრომლობით იმართება.