თბილისში შავი ზღვის რეგიონში ბირთვულ საკითხებზე საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

​4.10.2016 თბილისი 2016 წლის 5-6 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს,  შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს თანაორგანიზებითა და  შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართება საერთაშორისო ფორუმი: „ბირთვული და რადიოლოგიური გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში: მიზეზები, შედეგები და საპასუხო ზომები“.
 
ფორუმზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხია  რეგიონის სახელმწიფოების კონტროლის მიღმა დარჩენილი ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები და მათი უარყოფითი ზეგავლენა საერთაშორისო ბირთვულ უსაფრთხოებაზე.
ღონისძიების ფარგლებში ასევე იმსჯელებენ საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული მექანიზმებზე, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ბირთვული და რადიოლოგიური ტერორიზმის საფრთხის შემცირება და აღნიშნულ სფეროში  თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავება.
 
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ბირთვულ და რადიაციულ სფეროში მომუშავე როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები და ოფიციალური პირები აშშ-დან, ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან. მონაწილე ქვეყანები ჩართული არიან „ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების“ ყოველწლიური მიმოხილვის პროცესსა და  ბირთვული უსაფრთხოების სამიტში.
 
კონფერენციის გახსნაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე, რომელიც მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს.