თურქეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფართოების საკითხი განიხილეს

10.01.2017 ანკარა - თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ბინალი ილდირიმთან.

შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დღის წესრიგის პოზიტიური დინამიკა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მწუხარება გამოხატა უკანასკნელ პერიოდში თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა არაერთი ადამიანი. მიხეილ ჯანელიძემ თანადგომა გამოუცხადა თურქ ხალხს და ქვეყნის მთავრობას.

თავის მხრივ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მიხეილ ჯანელიძეს თურქეთში, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის დროს საქართველოს მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ბინალი ილდირიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს საქართველოს საკითხებზე თურქეთის მტკიცე პოზიციისთვის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

შეხვედრისას მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ორხმრივი თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ამ მხრივ მიმოხილულ იქნა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფართოების სპეციფიკა, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის პირველი ეტაპის დასრულების სავარაუდო ვადები და სხვა ეკონომიკური პროექტების იმპლემენტაციის მიმდინარეობა.

ორივე მხარემ დაადასტურა მზაობა გაგრძელდეს მუშაობა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში, რომლის მორიგ შეხვედრას საქართველო მიმდინარე წელს უმასპინძლებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სხვადასხვა ფორმატებში ქვეყნებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე, მათ შორის  აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი ცდება რეგიონულ თანამშრომლობას და იძენს უფრო ფართო, საერთაშორისო მნიშვნელობას. 

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები თურქეთის პრეზიდენტთან და საგარეო უწყების ხელმძღვანელთან. მიხეილ ჯანელიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა თურქეთის ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაში.

 

იანვარი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26        27  28   29 30311
234567 8 
9  10       11    12     13     14 15
16    17  18   1920   21 22
23  24 25      26  2728  29
30 31   1 2    3    4 5