თურქმენეთში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილე აღინიშნა

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საზეიმო მიღებით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილე.
 
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ყარალაშვილმა, რომელმაც საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობებზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ევროპული მისწრაფებებისა და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

თურქმენეთის ხელისუფლებას წარმოადგენდა სარკინიგზო ტრანსპორტის მინისტრი ბაირამ ანამერედოვი, რომელმაც თავის სიტყვაში თურქმენეთის პრეზიდენტის სახელით მიულოცა ქართველ ხალხს და უსურვა წინსვლა და წარმატებები.
 
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და მინერალური სასმელები. აგრეთვე მომზადდა მუსიკალური პროგრამა თურქმენი მუსიკოსებისა და მომღერლების შესრულებით (სიმფონიური კვარტეტი „ნურანა“, სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი ნური ნურიევი და მომღერალი ნაფისა იოლდაშევა, სამხატვრო ხელმძღვანელი სვეტლანა ნოვბათოვა). თავდაპირველად მათ მიერ შესრულდა საქართველოსა და თურქმენეთის ეროვნული ჰიმნები, შემდგომ პოპულარული ქართული სიმღერები, ევროპული და თურქმენული კლასიკური მუსიკის ნიმუშები.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქმენეთის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საზოგადოებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.