ინფორმაცია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გამართვის და ერთობლივი განცხადების მიღების შესახებ

2015 წლის 5 თებერვალს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტები და ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.

ზემოხსენებულ შეხვედრაზე მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც დაფიქსირებულია არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული წარმატება. განცხადებაში ხაზგასმულია საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი, ნატო-ს ოპერაციებსა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში ქვეყნის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და აღნიშნულია, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ნატო-ს.

ერთობლივ განცხადებაში დაგმობილია რუსეთის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება და გამოთქმულია შეშფოთება სამხრეთ ოსეთთან მსგავსი ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებისთვის მზადებასთან დაკავშირებით. განცხადებაში მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას და მოუწოდებენ რუსეთს უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოდან.



(Joint Statement  http://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_117221.htm)