ინფორმაცია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შესახებ

2015 წლის 24 ნოემბერს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას მონაწილეობით ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) გაიმართა, სადაც 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესრულებაზე იმსჯელეს. ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში გატარებული რეფორმები.  

კომისიის სხდომაზე, ასევე, განიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  არსებული მდგომარეობა. მუდმივმა წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, აგრეთვე, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. შეხვედრის მონაწილეებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიერ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, კერძოდ, 2014 წელს დასრულებული ISAF-ის ოპერაციაში და ავღანეთში ნატო-ს „ურყევი მხარდაჭერის" მიმდინარე მისიაში მონაწილეობისთვის.