ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს წარმომადგენლები მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდნენ

2015 წლის 8 ივნისს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირიდან, გაერო-დან და ეუთო-დან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა.

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ შეაჯამეს 17-18 მარტს გამართული 31-ე რაუნდის შედეგები და განიხილეს 1 ივლისს დაგეგმილი რიგით 32-ე რაუნდზე  მოლაპარაკებების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. ქართულმა მხარემ თანათავმჯდომარეების ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე.

მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-2 სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგი, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებს შეეხება. ხაზგასმით აღინიშნა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა და დაადასტურა ფორმატში კონსტრუქციულად მონაწილეობისთვის მზადყოფნა.