ინფორმაცია საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გამართული პოლიტიკური კონსულტაციების მე-5 რაუნდის შესახებ

2015 წლის 7 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-5 რაუნდი საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ჯალაღანია, ხოლო ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილე ბატონი ცვი რავ-ნერი.
 
კონსულტაციებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხი. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მკვეთრად გააქტიურებულ ურთიერთობებს მრავალი მიმართულებით, რაც მოიცავს თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სხვა სფეროებში. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის და სამართლებრივი ბაზის განვითარების მზარდი დინამიკა. კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა დასახეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების შემდგომი განვითარების გეგმები.
 
ქართულმა მხარემ ისრაელის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ჟენევის მოლაპარაკებების და რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულებების“ შესახებ. ისრაელის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
 
მხარეებმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონისა და მსოფლიოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, სხვადასხვა ასიმეტრიული საფრთხეები და მათი გავლენა უსაფრთხოების გარემოზე.
 
საქართველოსა და ისრაელს შორის პოლიტიკურმა კონსულტაციებმა რეგულარული ხასიათი მიიღო, რაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას და შემდგომ განვითარებას.