ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის მიერ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ

2016 წლის 4 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ  სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედვარდ ნალბანდიანთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დააფიქსირა, რომ ძალზე შეშფოთებულია უკანასკნელ დღეებში მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაშორიშორების ხაზზე სიტუაციის ესკალაციითა და თანმდევი მსხვერპლით, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მთავარია შეწყდეს საომარი მოქმედებები და რეგიონში მშვიდობამ დაისადგუროს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო დაპირისპირების გაგრძელება უკიდურესად გაართულებს არსებულ მდგომარეობას და ნეგატიურად აისახება რეგიონის სტაბილურობაზე.

სომეხ კოლეგასთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით სიტუაციის დეესკალაციისათვის ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენების მნიშვნელობაზე.