ინფორმაცია უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ანგარიშის თაობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს  უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მეორე ციკლის ფარგლებში წარადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ანგარიში.

ანგარიშის მომზადების პროცესის კოორდინაცია განახორციელა საგარეო საქართველოს საქმეთა სამინისტრომ და მასში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები. ანგარიში ასახავს 2011 წლის შემდგომ ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს და ამავე დროს ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული ანგარიშის განხილვა დაგეგმილია 2015 წლის ნოემბერში, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე.
ანგარიშის მომზადების პროცესის უკეთ კოორდინირების მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტრომ მუშაობა ჯერ კიდევ 2014 წლის დასაწყისში დაიწყო. კერძოდ, 2014 წლის მარტში საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით სამუშაო ჯგუფის წევრებისათვის 2015 წლის 25-26 ნოემბერს კაჭრეთში ჩატარდა სპეციალური ტრენინგი გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებისა და უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში მოსამზადებელი ანგარიშის მომზადების თაობაზე.

ანგარიშის მომზადების პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მჭიდროდ თანამშრომლობდა არასამთავრობო სექტორთან. მიმდინარე წელს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ორგანიზებით, გაიმართა რამდენიმე შეხვედრა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პირველი ციკლის ფარგლებში, საქართველომ ანგარიში წარადგინა 2010 წლის 8 ნოემბერს, რომლის განხილვაც მოხდა 2011 წლის 28 იანვარს. განხილვის შედეგად, სამუშაო ჯგუფის მიერ, საქართველოსთან მიმართებით, შემუშავებულ იქნა 163 რეკომენდაცია. რის შემდეგაც, საქართველომ აიღო 136 რეკომენდაციის იმპლემენტაციის ვალდებულება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პირველი ციკლის ფარგლებში საქართველომ შუალედური ანგარიშის წარდგენის ნებაყოფლობითი ვალდებულება აიღო. პირველი ციკლის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე საქართველოს შუალედური ანგარიში, რომელიც მომზადებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით შესაბამისი უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, წარდგენილ იქნა 2013 წლის დეკემბერში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი და უნიკალური მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული მექანიზმის  ფარგლებში,  გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილება ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ. უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში ანგარიშის დროული და სრულფასოვანი წარდგენა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა წევრი სახელმწიფოს საერთაშორისო პრესტიჟისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებისათვის.