ინფორმაცია UPR ანგარიშის თაობაზე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი და უნიკალური მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული მექანიზმის  ფარგლებში,  გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილება ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ. უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში ანგარიშის დროული და სრულფასოვანი წარდგენა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა წევრი სახელმწიფოს საერთაშორისო პრესტიჟისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებისათვის.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მეორე ციკლის ფარგლებში საქართველოს ანგარიში უნდა წარადგინოს 2015 წლის 20 ივლისამდე. უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პირველი ციკლის ფარგლებში, საქართველომ ანგარიში წარადგინა 2010 წლის 8 ნოემბერს, რომლის განხილვაც მოხდა 2011 წლის 28 იანვარს. განხილვის შედეგად, სამუშაო ჯგუფის მიერ, საქართველოსთან მიმართებით, შემუშავებულ იქნა 163 რეკომენდაცია. რის შემდეგაც, საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ მომდევნო უნივერსალურ პერიოდულ მიმოხილვამდე, რომელიც გაწერილია 2015 წლის ოქტომბერში, მოახდენს 136 რეკომენდაციის იმპლემენტაციას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პირველი ციკლის ფარგლებში საქართველომ აიღო ნებაყოფლობითი ვალდებულება წარადგინოს შუალედური ანგარიში. პირველი ციკლის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე საქართველოს შუალედური ანგარიში, რომელიც მომზადებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით შესაბამისი უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, წარდგენილ იქნა 2013 წლის დეკემბერში.

ზემოაღნიშნულ ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მუშაობა ჯერ კიდევ 2014 წლის დასაწყისში დაიწყო. სახელმწიფო ანგარიშების მომზადების პროცესის უკეთ კოორდინირების მიზნით, 2014 წლის მარტში საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის გადამზადებისათვის, 2015 წლის 25-26 ნოემბერს ს. კაჭრეთში საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მისიის ხელშეწყობით ჩატარდა ტრენინგი უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში ანგარიშის მომზადებისა და ზოგადად მიმოხილვის პროცესის თაობაზე, ანგარიშის მომზადების პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მჭიდროდ თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან. მიმდინარე წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის მიერ მომზადდა და გაიმართა რამდენიმე შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან.

ამ ეტაპზე უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მეორე ციკლის ფარგლებში საქართველოს ანგარიშის საბოლოო პროექტის მომზადება დასრულებულია. ანგარიში მომზადდა საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით და პროცესში მონაწილეობდნენ ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა განიხილოს თქვენი მოსაზრებები აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით.

გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები მოგვაწოდოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართებზე: gzedelashvili@mfa.gov.geemeshveliani@mfa.gov.ge  



უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ანგარიშის პროექტი 

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაციებზე კომენტარების პროექტი