ირანის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

26.01.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აბას თალები ფარს (Abas Talebi Far) შეხვდა, რომელმაც დაასრულა საქართველოში დიპლომატიური მისია.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების მზარდი დინამიკა და ამ პროცესში ელჩის განსაკუთრებული როლი.
 
აბას თალები ფარმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავად ზარიფის სახელით მადლობა გადაუხადა მიმდინარე წლის 11 იანვარს თეირანში, ყოფილი პრეზიდენტის აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებისთვის.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს ორი ქვეყნის  ურთიერთობების გააქტიურებაში შეტანილი წვლილისათვის და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.