ისრაელისა და საქართველოს შორის 2015-2018 წლებისთვის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იერუსალიმში, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა „ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2015-2018 წლებისთვის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ პროგრამის ხელმოწერა.  

პროგრამას ისრაელის მხრიდან ხელი მოაწერა სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილემ,  რაფაელ გამზუმ, ხოლო საქართველოს მხრიდან საქართველოს ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში პაატა კალანდაძემ.

პროგრამის მიზანია განათლების, მეცნიერებისა და სპორტის დარგებში ორმხრივი ურთიერთობებისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავება. ხელმოწერის ცერემონიაზე მხარებმა იმედი გამოთქვა, რომ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა თავის წვლილს შეიტანს ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებისა და ორი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლების საქმეში, განსაკუთრებით  ახალგაზრდებს შორის.