ისრაელის პრეზიდთბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

9.01.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან რუვენ რივლინთან.
 
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მწუხარება გამოთქვა ისრაელში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10-ზე მეტი - დაშავდა.  
 
ისრაელის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ, მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, განვიხილავდით შესაძლებლობას, გადაგვედო საქართველოში ვიზიტი, თუმცა ვთქვით, რომ ტერორისტები ვერ გაგვაჩერებენ. ასე, რომ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, დღეს თქვენთან ყოფნა ჩვენთვის დიდი პატივია", - განაცხადა რუვენ რივლინმა.
 
პრემიერთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2017 წელს საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი სრულდება და იმედი გამოთქვეს, რომ ეს იქნება კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისვის.
 
შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებს, რომლებიც წარმატებით ვითარდება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობას და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესს, ვაჭრობის დინამიკას, ისრაელის კომპანიების მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებსა და ვიზიტორების ზრდას. მხარეების შეფასებით, ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში დასახული ერთობლივი მიზნების მისაღწევად, ეფექტური მექანიზმია ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, რომლის მეორე სხდომა, თარიღების შეჯერების შემდეგ, თბილისში გაიმართება. საუბარი ასევე შეეხო კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობას.
 
პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ისრაელის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
 
ამასთან, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს და მის მეუღლეს დღეს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სადაც პრეზიდენტებს შორის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა შედგა.
 
რუვენ რივლინი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
 
10 იანვარს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
 
ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რუვენ რივლინი თბილისში საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.