კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა რწმუნებათა სიგელი გადასცა "საერთაშორისო ანტი-კორუფციული აკადემიის" (IACA) დეკანს და აღმასრულებელ მდივანს

2015 წლის 10 აგვისტოს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა რწმუნებათა სიგელი გადასცა საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო ანტი-კორუფციული აკადემიის" (IACA) დეკანს და აღმასრულებელ მდივანს მარტინ კროიტნერს.

რწმუნებათა სიგელის გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, საქართველოს ელჩსა და "საერთაშორისო ანტი-კორუფციული აკადემიის" აღმასრულებელ მდივანს შორის გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს "საერთაშორისო ანტი-კორუფციული აკადემიის" საქმიანობის   მიმართულებები, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე ანტი-კორუფციული რეფორმები და საქართველოსა და "საერთაშორისო ანტი-კორუფციულ აკადემიას" შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.  
           
მარტინ კროიტნერმა ხაზი გაუსვა საქართველოში წარმატებულად განხორციელებულ და მიმდინარე ანტი-კორუფციულ რეფორმებს და "საერთაშორისო ანტი-კორუფციული აკადემიის" წევრებისათვის საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზანშეწონილობაზე ისაუბრა.
           
შეხვედრის ბოლოს ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა "საერთაშორისო ანტი-კორუფციული აკადემიის" აღმასრულებელი მდივანი საქართველოში მოიწვია.
           
2015 წლის 26 მარტს ქართულმა მხარემ ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს გადასცა "საერთაშორისო ანტი-კორუფციული აკადემიის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის დაარსების შესახებ შეთანხმებასთან" საქართველოს შეერთების სიგელი. შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, "საერთაშორისო ანტი-კორუფციული აკადემიის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის დაარსების შესახებ შეთანხმება" საქართველოსთვის 2015 წლის 25 მაისს შევიდა ძალაში. ამ ეტაპზე საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო ანტი-კორუფციულ აკადემიაში" 64 ქვეყანაა გაწევრიანებული.