კუბის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემა

მ.წ. 18 ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კუბის რესპუბლიკაში, გიორგი ნიკოლაიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა კუბის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, სალვადორ ვალდეს მესას.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, შეხვედრა გაიმართა ვალდეს მესასა და საქართველოს ელჩს შორის. შეხვედრაზე კუბური მხარე მიესალმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ჰავანაში საელჩოს გახსნის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის დინამიკა და მისი განვითარების პერსპექტივები. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ელჩმა გვირგვინით შეამკო კუბის ეროვნული გმირის, ხოსე მარტის მემორიალი.
 
რევოლუციის სასახლეში გამართულ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიას წინ უსწრებდა 16 ნოემბერს კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილისათვის, ანა ტერესიტა გონსალეს ფრაგასათვის რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემა.
 
აღსანიშნავია, რომ ქ. ჰავანაში საქართველოს საელჩოს გახსნის შესახებ დადგენილება  საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 26 მარტს მიიღო, რითაც, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონში არსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.