ლატვიის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო

 „ლატვია უპირობოდ უჭერს მხარს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს,  ასევე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას“ - ნათქვამია „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროკავშირში  ინტეგრაციის  მხარდაჭერის შესახებ“ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ლატვიის პარლამენტის (საეიმა) საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიიღეს.

ლატვიის საეიმას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე  ოიარს-ერიკს კალნინში და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლოლიტა ჩიგანე განცხადებაში მიესალმებიან საქართველოს პროგრესს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით, ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ლატვია მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებას და, ამ კონტექსტში,  საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. განცხადებაში ასევე პოზიტიურადაა შეფასებული   ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობაც.

განცხადებაში საეიმას კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ხელისუფლების ქმედებებსაც აფასებენ, კერძოდ, ისინი ცალსახად გმობენ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის 2014 წლის 24 ნოემბერს და 2015 წლის 18 მარტს გაფორმებულ ე. წ. „ხელშეკრულებებს“ და მიუღებლად მიიჩნევენ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსი სამხედროების მიერ სასაზღვრო ნიშნების გადმოწევის ფაქტს, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს ტერიტორიების ანექსიას ემსახურება. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რუსეთის ფედერაციის აგრესიული საგრეო პოლიტიკა ევროპის უსაფრთხოებასაც აყენებს გამოუსწორებელ ზიანს“.

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა  2015 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა და მას  ხსენებული კომიტეტებისა და საქართველო-ლატვიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები, საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდიუმის საბჭოს მრჩეველი, საგარეო ურთიერთობების საკითხებში ლატვიის საეიმას სპიკერის მრჩეველი და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

სხდომაში მონაწილეობა საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმაც მიიღეს. მათ  „ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებ“ პრეზენტაცია მოაწყვეს და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს.