ლუქსემბურგში ''აღმოსავლეთ პარტნიორობის'' საგარეო საქმეთა მინისტრთა რიგით მეექვსე შეხვედრა გაიმართა

2015 წლის 20 აპრილს ლუქსემბურგში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრთა რიგით მეექვსე შეხვედრა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი. მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვსი პარტნიორი ქვეყნის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა. მინისტერიალს ესწრებოდნენ ასევე ევროპის საინვესტიციო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების წარმომადგენლები. ქართულ დელეგაციას შეხვედრაზე ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი.
 
მინისტერიალი გაიხსნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის მისასალმებელი სიტყვით.
 
შეხვედრაზე მსჯელობა წარიმართა მიმდინარე წლის 21-22 მაისს დაგეგმილი რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინებზე და აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორების მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის გაძლიერების სამომავლო პერსპექტივებზე რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
 
ევროკავშირი მიესალმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან გაფორმებული ასოცირებული შეთანხმებების განხორციელებისას მიღწეულ შედეგებს და აღნიშნა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან შემდგომი ძალისხმევის მნიშვნელობა რეფორმების პროცესში. თავის მხრივ, ევროკავშირის მხრიდან გამოითქვა მზაობა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი მხარდაჭერისათვის, ტექნიკური და ფინანსური დახმარების ჩათვლით, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, დიფერენციაციისა და „მეტი-მეტისათვის“ პრინციპებზე დაყრდნობით.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა რა ქვეყნის ევროპული არჩევანის ურყეობას საგარეო საფრთხეების მიუხედავად, აღნიშნა ხელისუფლების მტკიცე მზაობა ევროინტეგრაციის დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებისათვის, მათ შორის ასოცირების შეთანხმების აღსრულების გზით. ქართული მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის მნიშვნელობაზე ქვეყნისათვის იმის გათვალისწინებით, რომ მას საქართველოს მოქალაქეებისათვის კონკრეტული, ხელშესახები შედეგები   მოაქვს და ამდენად წარმოადგენს ევროინტეგრაციის პროცესის ყველაზე მიმზიდველ სარგებელს. ამ თვალსაზრისით, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეასრულა სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა ტექნიკური პირობა. გამოითქვა მოლოდინი, რომ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ იქნება ასახული ევროკომისიის შესაბამის ანგარიშში და რიგის სამიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულების საქმეში.
 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების პროცესში დიფერენცირებული მიდგომისა და „მეტი-მეტისათვის“ პრინციპების უფრო ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობაზე, თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებაზე ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში როგორიცაა ენერგეტიკა და ტრანსპორტი, ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავება, ასევე ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში რეგიონული თუ გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით.
 
მინისტერიალზე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. მონაწილეები მიესალმნენ ევროკავშირის როლს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში და ხაზი გაუსვეს ადგილზე მისი ჩართულობის გააქტიურების მნიშვნელობას არსებული მექანიზმების ეფექტური გამოყენების გზით.
 
ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სლოვაკეთის მიერ ინიცირებულ, თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო შეხვედრაში ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებთან, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტებზე და შემდგომ ნაბიჯებზე, განსაკუთრებით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კონტექსტში, ასევე ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ევროკავშირის როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი