მადრიდში ქართულ საგამოფენო სივრცეს ესპანეთის მეფე ფელიპე VI ეწვია

18.01.2017 მადრიდი - საქართველო მადრიდში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს.  გამოფენის ისტორიაში პირველად, ქართულ საგამოფენო სივრცეს დღეს ესპანეთის მეფე ფელიპე VI, დედოფალ ლეტიციასთან ერთად ესტუმრა. 

ესპანეთის მეფეს და დედოფალს საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით უმასპინძლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამეფო ოჯახს საქართველოს კურორტების, ტურისტული პოტენციალისა და ქვეყანაში მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მეფე და დედოფალი საქართველოს შესახებ მომზადებულ კლიპს გაეცნენ და ქართული პოლიფონიური მუსიკით დაინტერესდნენ. ფელიპე VI-მ საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვა.

გიორგი კვირიკაშვილმა ესპანეთის მეფე და დედოფალი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღების აღსანიშნავ ღონისძიებებზე, საქართველოში მიიწვია.

მადრიდში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე, ქართულ საგამოფენო სივრცეში, წარმოდგენილნი არიან ტურისტული კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო მოგზაურებს საქართველოში სხვადასხვა სერვისსა და ტურისტულ პროდუქტს სთავაზობენ.

ქართულ საგამოფენო სივრცეს, ესპანეთის სამეფო ოჯახთან ერთად, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი სტუმრობდა.