მინისტრის მოადგილემ გენდერული თანასწორობის თემაზე რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო გენდერული თანასწორობის თემაზე გამართულ რეგიონულ კონფერენციაში.

ღონისძიება პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს (PCF) ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ვენეციის კომისიის თანამშრომლობით გაიმართა.  კონფერენციაში მონაწილეობდნენ საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები PCF-ში ჩართული ექვსი ქვეყნიდან.

          განხილულ იქნა არჩევნების სფეროში გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული საკითხები, ამ მიმართულით გატარებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საკუთარ გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა ქალთა თანასწორობის, პოლიტიკური და ეკონომიკური წარმომადგენლობის გაზრდის და ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა  საქართველოს მიერ 2014 წელს სტამბულის კონვენციის ხელმოწერის და 2015 წლის მარტში პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ქალთა პოლიტიკური აქტივობის გასაზრდელად საარჩევნო სიებში ქვოტების სისტემის შემოღების მხარდაჭერის საკითხს. მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, 2015 წლის 9-10 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მასპინძლობით გამართული მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“.