მინისტრის მოადგილე ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრებს შეხვდა

2015 წლის 3 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრებთან ანდრიუს კუბილიუსსა და აუდრონიუს აჟუბალისთან, რომლებიც ორდღიანი ვიზიტით ეწვივნენ საქართველოს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს, წარმატებულ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას და ორმხრივი ვიზიტების მზარდ დინამიკას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ლიტვის პარლამენტის განსაკუთრებულ წვლილს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის კუთხით. ამ კონტექსტში, განხილულ იქნა საქართველოს მოლოდინები რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე და აგრეთვე  საქართველოს მიერ ნატო-ს „არსებითი პაკეტის“ იმპლემენტაციის მნიშვნელობა. ლიტვის პარლამენტის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო წარმატებით გააგრძელებს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების პროცესს და ხაზი გაუსვეს რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ გამოწვევებს. გიგი გიგიაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასა და სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებს შორის ე. წ. „შეთანხმებების“ გაფორმება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში ანდრიუს კუბილიუსმა და აუდრონიუს აჟუბალისმა ასევე შეხვედრები გამართეს საქართველოს პარლამენტის წევრებთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან,  იუსტიციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეებთან.

2015 წლის 3 თებერვალი,
პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი