მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეხვედრა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან

2015 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეულ იქნა უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ნაზაროვი. მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ საქმეთა დროებით რწმუნებულს გადასცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა.

ქართულმა მხარემ დააფიქსირა უკიდურესი უკმაყოფილება, მედია საშუალებებში გავრცელებული, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიცავს საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის საფრთხის შემცველ მოსაზრებებსა და მოწოდებებს. აღინიშნა, რომ მსგავსი გამონათქვამები წარმოადგენს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, რაც დაუშვებელია და არ შეესაბამება საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებას.

ქართულმა მხარემ გამოთქვა მოლოდინი, რომ უკრაინული მხარე მოახდენს შესაბამის რეაგირებას ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით და მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.