მიხეილ ჯანელიძემ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ყოველთვის უმძიმესია ამ დღეების გახსენება, მაგრამ ეს არ ხდება მხოლოდ აგვისტოში. ჩვენ ეს გმირები და ეს დღეები გვახსოვს ყოველდღიურად, მათ თავი შეწირეს საქართველოს ერთიანობას, ბრძოლას თავისი სამშობლოსთვის, უთანასწორო ბრძოლას, იმ აგრესიას, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და რომლის შედეგებიც სახეზე გვაქვს და ეს გრძელდება დღესაც ოკუპაციის სახით” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით საქართველოს მთავრობა საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მხარდაჭერით ცდილობს მაქსიმალურად მშვიდობიანად გადაწყვიტოს კონფლიქტი.

„ამ საკითხის გადაწყვეტის მხოლოდ ერთი გზა არსებობს, ეს არის მშვიდობიანი გზა, კონფლიქტის მშვიდობით დარეგულირების შესაძლებლობა და ასევე ის პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის გაერთიანებას, ერთობას, ნდობის აღდგენას და ერთად ცხოვრებას“ - განაცხადა მინისტრმა.